ვიდექი დღეს საფრანგეთის ერთერთი სოფლის გზატკეცილზე, ცივი ცხვირით, სველი ფეხებით და დამძიმებული მხრებით, ხელში მუყაო მეჭირა, სადაც ეწერა „რენი“. იმედგაცრუებული ვიყავი, სავარაუდოდ, ორასი უარისგან, სამი საათის ავტო სტოპის მცდელობის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ორი საათიც კი არ იყო ჯერ, უკვე ვვარაუდობდი რომ იქვე მინდორს მიღმა მომიწევდა კარვის გაშლა. დაღლა მომაწვა, ჩემი ამჟამინდელი ქაოტური ცხოვრებისგან, რომელიც ასე დაჟინებით მასწავლის უცხო ადამიანების საქველმოქმედო ქმედებების წყალობაით ყოფას. მიუხედავად იმისა, რომ ამაშიც თავისთავდ განსაკუთრებული მადლია, როცა სამყაროს შესაძლებლობას გაძლევს გაგაცნოს მის მრავალ გულუხვ სახეს, ხანდახან მაინც დამღლელია გამუდმებით დახმარების თხოვნის პოზიციაში ყოფნა.
ღმერთთან პატარა გაბრაზების შემდეგ, წვიმიანმა ქარმა შუბლზე გამიარა და გზებს მოვუწოდე: “გზებისა და გზათკეცილების ღვთაებებო, თქვენ, მოგზაურთა ძველო მფარველებო, მითხარით, რა შემიძლია შემოგთავაზოთ ამის სანაცვლოდ, რომ გზა დამილოცოთ?” პასუხი გულში მომესმა „მომეცი შენი ხმა“. ხმას არ მოგცემ, მაგრამ სიმღერა შემიძლია მოგცე- თქო, ვუპასუხე. მოვრიგდით. როგორც კი ლოცვის სიმღერა დავიწყე, ძველ მოგზაურთა ძვლებიდან აღმოცენებული, თეთრი მინივენი გაჩერდა.
ლოცვები მისმინეს – გაიცანით გაელს
გაელის მანქანა ფერადი ტექსტილითა და ფრანგული გვინეის მუსიკის ხმებით იყო სავსე. ის იყო ყოფილი მასწავლებელი, რომელიც გადავიდა ბრეტანში და საკუთარი ძალით ააშენა სახლი. იქ ის ზრდის მცენარეებს, უსმენს მათ სიბრძნეებს და მათი დახმარებით ქმნის სამკურნალო ჰიდროლატებს . ის მიდიოდა რენის მახლობლად მდებარე სოფელში, მეგობრის Qi-Gong-ისა და სიმღერით ნაკვებ ფესტივალზე, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა იურტის აშენებაში.
გაელი ლაპარაკობდა კარნაკზე , Les Landes de Cojoux-Megalithes-ზე, ინგლისურ სტოუნჰენჯზე და სხვა უძველეს ქვის წარმონაქმნებზე მეგალითური ტერიტორიების ირგვლივ. წარმოიდგინა წინაპრები, რომლებმაც ააშენეს ეს უძველესი ქვის სტრუქტურები და სულით ერთიანდებოდნენ ამ განსაკუთრებულ და მაგიურ მომენტში – ბუნიობისას, რისთვისაც ეს სტრუქტურები იყო აგებული. წარმოვიდგინეთ რა ძალაც უნდა ჰქონდეს ამდენი ხალხის და ამ განსაკუთრებული ადგილების გაერთიანებულ კონცენტრირებულ ენერგიას ერთასადაიმიავე დროში ერთ წერთილზე. საოცარ ძველ ძალებზე, დროის საიდუმლოებებზე და ბუნებაში ავტონომიურად ცხოვრების სიმშვიდეზე საუბარში, დრო გაფრინდა და ჩვენც მალევე რენში აღმოვჩნდით. ჩემი ქაუჩ სურფინგის მასპინძლის სახლის კართან მიმიყვანა და კმაყოფილმა დამტოვა რენში.
ახლა, რამხელა ალბათობაა იმის, რომ ეს იღბლიანი შეხვედრა ავტოსტოპით მოგზაურობის მრავალსაათიანი უიღბლო მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მოგზაურთა სიმღერის ბოძება წამოვიწყე ძველი ღმერთებისთვის? რა თქმა უნდა, ლოცვებს ყოველთვის არ ექნება ასეთი დაუყოვნებელი პასუხი, მაგრამ ეს მშვენიერი შეხსენება იყო იმის თუ როგორ ნამდვილად გვპასუხობს სამყარო ჩვენს ლოცვებზე. როგორც ქალაქში და ჩვენი მოდერნის დროში გაზრდილს, ხშირად მავიწყდება ძველი და თავმდაბალი ჩვეულება ბოძებია და ღვთაებრივ ციკლში დიალოგით ყოფისა.
თუმცა ძალიან ტკბილია:
სამყარო პასუხობს.
სიყვარული მაქეთ,
<3