ქადაგები – ღმერთების მეენეები

კარატისმწვერვალი

კვლევა საქართველოს მაღალმთიანეთში

საქართველოს მაღალმთიანეთის მიუვალმა ადგილმდებარეობამ მრავალი ძველი წეს-ჩვეულება და არქაული პროფესია შემოგვინახა. ის დიდ ხანს გადაურჩა კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის მიერ მიყენებულ კულტურულ დარტყმებს. სურვილი მქონდა, რომ უფრო ღრმად შემესწავლა ჩემი ფესვები, რის გამოც გადავწყვიტე წავსულიყავი იმ ადგილებში, სადაც მკვიდრი ცოდნა ყველაზე დიდხანს შემოინახა. Culture Moves Europe- ის მობილობის გრანტის წყალობით, შევძელი კვლევითი პროექტის წამოწყება ქადაგობის უძველეს პროფესიაზე. კვლევითი პროექტი მოისაზრებდა ფშავ-ხევსურეთის მთიან რეგიონებში ადგილობრივი ღვთაებების 20 წინაქრისტიანული ჯვარ-ხატის მონახულებას და ქადაგების პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. ქადაგები ითვლებოდნენ ღმერთების “მეენეებად”. ისინი ჯვრების სათქმელს აზიარებდნენ ადამიანებთან. აქ მინდა, რომ გაგაცნოთ ქადაგებს.

ვინ არიან ქადაგები?

ხევსურულ კულტურაში ქადაგებს უწოდებდნენ ადგილობრივი ღვთაებების “მეენეებს” 1 მათი ხილვითი და საკრალური არსის გამაზიარებელი უნარების გამო. მათი როლი საზოგადოებაში შეგვიძლია შევადაროთ ძველი საბერძნეთის სიბილებს.2 ქადაგები ადგილობრივი ღვთაებებისგან, ანუ ღვთისშვილებისგან, იღებდნენ ხილვებს. ისინი საყმოსათვის საჭირ-ბოროტო საზოგადოებრივ გადაწყვეტილებებს კარნახობდნენ. მათ ახსნა-განმარტებები ეძლეოდათ ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი სნეულებებისა და უბედობების შესახებ და ასევე თუ რაში მდგომარეობდა გამოსავალი. ქადაგები წინასწარმეტყველნი იყვნენ. მათი წინასწარმეტყველური უნარები სპეციფიკურად ხევსურულ კულტურაში უშვალოდ ჯვრებთან და ღვთისშვილებთან იყო დაკავშირებული. ხევსურეთში უბედობისა თუ სნეულების მიზეზად ხშირად ჯვრის განაწყენება იყო მიჩნეული, რაც შეიძლება გამოწვეულიყო ხალხთა მიერ ჯვრების და მათი მიწების განზრახ თუ განუზრახველად შელახვით. ქადაგები მოიპოვებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ფორმის შესანდობი, რა საბოძველები და რა მოქმედებები იყო საჭირო იმისათვის, რომ საყმოში კეთილდღეობა დაბრუნებულიყო.

ათენგენობა არხოტში, 1940 წელი, სურათი ეკუთვნის ლევან წიკლაურს.

“დამიზეზებულ-დაჭერილნი”

ქადაგები არ ირჩევდნენ თავიანთ მოწოდებას. ეს როგორც ჩანს, საკმაოდ არასასურველ პროფესიად ითვლებოდა. თუმცა ქადაგი საზოგადოებაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, მის ბედს ხალხი არ ინატრებდა. ქადაგებს ასევე “დამიზეზებულ-დაჭერილნს”3 უწოდებდნენ, იმის მისანიშნებლად, რომ ისინი ღმერთების ნება-სურვილს ახორციელებდნენ. გარედან ეს ისე ჩანდა, თითქოს მათ საკუთარი ნება არ გააჩნდათ. მათ ხშირად უწევდათ „ნორმალური“, ან უფრო სწორედ, კომფორტული ცხოვრების შეწირვა. ჯვრების მიერ არჩეული ადამიანები ამ ბედს ხშირად შეეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა ხილვები არ ჩერდებოდა, ძილს წინასწარმეტყველური სიზმრები ურღვევდნენ და სანამ სათქმელი არ გაჟღერდებოდა ხშირად შფოთვა და კრუნჩხვები აწუხებდათ. როგორც ანდრეზებშია ნაამბობი, ისინი ბედს ვერ გაექცეოდნენ და საბოლოოდ დამორჩილდებოდნენ თავიანთ ხვედრს. როგორც კი სათქმელს გააზიარებდნენ, მათი ნერვული სისტემა წყნარდებოდა და მათ სიმშვიდე უბრუნდებოდათ. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ მათ ისევ არ მოუწევდათ ქადაგობა.

როგორ გამოიყურებოდა ქადაგობის რიტუალი?

ქადაგობის პროცესი საკმაოდ მძიმე გამოცდილებად არის აღწერილი. როცა ღვთაებასთან დაკავშირდებოდნენ, მათ ჯერ მტკივნეული პრელუდია უნდა განევლოთ. იწყებდნენ კანკალ-ცახცახს, თრთოლვას, სირბილს, კრუნჩხვებში ვარდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა ჯვრის სიტყვის გაჟღერება. სათქმელი მოდიოდა სიმღერის ფორმაში და ცხრამარცვლიან რიტმში. 4 გაჟღერებული ენა ხალხისთვის უცხო იყო. ამ ენას “ჯვართ-ენას” უწოდებენ. 5 ქადაგობის შემდეგ, თვით ქადაგი გადათარგმნიდა თუ რა იქნა ნათქვამი, ისე რომ ხალხს ეს გაეგო. 6

ვის ირჩევდნენ ღმერთები “მეენეებად”?

ხალხს ვერ გაეგო თუ რა პარამეტრების მიხედვით ირჩევდნენ ჯვრები თავიანთ “მეენეებს”. ხშირად ქადაგები ძალიან უბრალო ხალხი იყვნენ, ყოველგვარი გმირული ნიშნების გარეშე. ან ისინი წარმოადგენდნენ აუტსაიდერებს, ან კოჭლებს, ან ტრაგიკული წარსულის მქონე ადამიანებს, ზოგჯერ ბავშვებიც კი ქადაგდებოდნენ და განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე ქადაგები ხშირად ქალები იყვნენ. მეტიც, პირველი ქადაგი იყო ქალი. 7

ხევსური

პირველი ქადაგი იყო ქალი სახელად მინანი

პირველი ქადაგი იყო ქალი სახელად მინანი. სიუჟეტი ვითარდება ჩვენი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში, გია ლიქოკელის მიხედვით, რომელიც მინანის შთამომავლად წარგვედგინება. გია მის ოჯახთან ერთად ერთადერთ ოჯახს წარმოადგენენ, ვინც ჭალისსოფელში დარჩნენ. ისინი მათ მემკვიდრეობით გადაცემულ საქმეს აგრძელებენ და კოპალას ჯვარს უვლიან. კოპალა წარმოადგენს ომისა და მფარველობის ლოკალურ წინაქრისტიანულ ღვთაებას, რომელსაც არა-ერთი სამყოფელი აქვს ფხოვისა და თუშეთის მიდამოებში. “ჯვარჩენის” ანდრეზში კარატისწვერზე სწორედ მინანი არის, რომელიც კოპალას კულტს დაუდებს სათავეს ხევსურეთში. როგორც ასეთი, იგი ითვლება პირველ ქადაგად ხევსურეთში. ანუ ქადაგად, რომლის სამსახური მიმართულია უპირველესად ღვთისშვილებსა და ჯვარ-ხატებს.

“ჯვარჩენა” კარატისწვერზე

ხევსურულ ანდრეზებში8 გვხვდება რამდენიმე ვერსია “ჯვარჩენის” შესახებ კარატისწვერზე. თუმცა, ყველა მათგანი იზიარებს იგივე არსს. გადმონაცემი ასეთია:

კარატისწვერზე, რომლის ერთ მხარეს ხევსურეთის სოფელია – ჭალაისოფელი, ხოლო მეორე მხარეს ფშაველთა სოფელი ბულალაურთა, ზაფხულობით ერთმანეთს ხვდება თავ-თავისი სოფლებიდან სამწყესურში ამოსული ქალ-ვაჟი, რომელთაც ერთმანეთი უყვართ სუფთა სიყვარულით. ერთ დღეს ქალ-ვაჟს ციდან მოესმებათ წივილის ხმა, რასაც მოჰყვება სასწაული: ხედავენ ზეციდან ჩამომავალ ვერცხლის თასს და შიბის (შიბი ხესვურეთის მითოლოგიაში არის ჯაჭვი, რომელიც აკავშირებს ცასა და დედამიწას.) 9 გოგონა აიღებს შიბის, ბიჭი კი თასს. წაიღებენ სამწყესურიდან ამ ნივთებს თავ-თავის სახლებში და წინასწარ დათქვამენ, არ გაუმხილონ ეს ამბავი მშობლებს. ვაჟი თასს ჭერხოში (ზედა სართულზე) დამალავს კარსუკან, ქალი შიბს – პურის კიდობანში. ღამით ორივე სახლში ატყდება ისეთივე წივილი, როგორიც ამ საგნების გამოჩენისას გაისმა კარატისწვერზე. მეორე ღამითაც რომ იგივე განმეორდება, ბავშვები მშობლებს გაუმხელენ თავიანთ საიდუმლოს. მშობლები მიდიან მკითხავთან, რომლის რჩევით შიბს ორად ჭრიან, ერთ ნაჭერს მისი გამოჩენის ადგილას მარხავენ მიწაში, მეორე ნაჭერს – ლიქოკში და ზედ კოშკს ააგებენ; თასს კი კარატისწვერზე მარხავენ. ეს ადგილებია ჯვარის საარსო ადგილები აქედან მოყოლებული გოგონა, სახელად მინანი, ქადაგი გახდება და გუდანშიც, ხახმატშიც და სხვაგანაც ქმნის სალოცავებს. 10

მინანის ხელის ანაბეჭდი კოპალას ჯვართან, ჭალისსოფელში

სად არიან დღეს ქადაგები?

კვლევითი მოგზაურობისას შევიტყვე, რომ ბოლო ქადაგები 1970-იან წლებში ასრულებდნენ თავიანთ პრაქტიკას. ჩნდება კითხვა, თუ რატომ გაწყდა ქადაგობის პროფესია?

ადგილობრივები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ თვით ღვთისშვილები, ანუ ჯვრები, ირჩევდნენ თავიანთ “მეენეებს”. ისინი სტუმრობდნენ მათ. დღეს, როგორც ჩანს, აღარ სტუმრობენ. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ აღარ სტუმრობენ ღვთაებები? ცხადია, რომ სწორხაზოვანი პასუხი ამაზე არ არსებობს. ქადაგის პრაქტიკა და მასთან დაკავშირებული ფენომენები გადახლართულია კომპლექსურ ისტორიულ თუ კულტურულ მოვლენებთან. მიუხედავად იმისა, რომ ხევსურებმა დიდი ხნის განმავლობაში შემოინახეს მკვიდრი ცოდნა, ძველი გზები და საყმოს სტრუქტურული წყობა, კოლონიალიზმი და კულტურულ-რელიგიური იმპერიალიზმი მათაც მიწვდა.

მოკლე მიმოხილვა ბოლო ისტორიულ-კულტურული ზეგავლენებებისა

რუსეთის სამეფომ პირველმა მოახერხა მაღალმთიანეთში წარმატებით შეღწევა. შემდეგ კომუნისტურმა პოლიტიკამ ხალხი წინაპართა მიწებიდან აყარა და გადაასახლა მათთვის სავსებით უცხო გარემოებებში, აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ-ხრიოკ და უკაცრიელ ადგილებში. ამის პირდაპირი ახსნა-განმარტება: მიწის სრული ათვისება. ამის ირიბი მიზეზი: ხალხის კავშირის გაწყვეტა თავიანთ მიწასთან, ფესვებთან და წინაპრებთან, კულტურული ამნეზიის გამოწვევა და ამის მეშვეობით კომუნისტური ფუტურისტული გეგმის წარმატებით დანერგვა საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო ღრმა იდენტობის კრიზისში ჩავარდა. ისე რომ, ქრისტიანული რელიგიის აღორძინება არა მხოლოდ სულიერებასთან დასაკავშირებელ ხერხს წარმოადგენდა, არამედ გადარჩენის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფდა კულტურული იდენტობის შეგრძნების შექმნას. შემდეგ ქრისტიანობამაც თავისი წვლილი შეიტანა და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებზე ქრისტიანული რწმენა და ღირებულებები გადააფარა. და რა საკვირველია არ უნდა გამოგვრჩეს “გლობალური ჩრდილოეთის” კულტურული იმპერიალიზმი, რომელიც თავის გავლენის გაფართოებას აგრძელებს (პოსტ)-კოლონიზებულ ქვეყნებზე “გლობალური ჩრდილოეთის” (ანუ ე.წ. “დასავლეთის”) ღირებებულების ადგილობრივებზე ჩანაცვლებით.

ფხოველები წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად ბარში ჩამოვიდნენ, 1921 წ.

ადგილობრივი წეს-ჩვეულებები მოცემულ კულტურულ კონტექსტში ცოცხლობენ

მოდით, ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვას, თუ რატომ აღარ სრულდება ხევსურეთში ქადაგებეს საქმიანობა. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი წეს-ჩვეულება თავისი კულტურული კონტექსტიდან გამომდინარეობს. ქადაგის საქმიანობას მხოლოდ ისეთ სტრუქტურაში ექნება ფუნქცია, რომელშიც მსგავსი პრაქტიკების ღირებულება დანახულია. სოფლები, რომლებიც ქმნიდნენ ჯვრების ირგვლივ საყმოებს, ასეთ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ. საყმოები დღეს უმეტეს წილად გაფანტულნი არიან, (რაც საყმოს სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე მის დარღვევას გულისხმობს). საგვარეულო სოფლებში ოჯახების მხოლოდ მცირე რაოდენობაღაა შემორჩენილი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა ათმაგად შემცირდა.

ქადაგი, როგორც უფრო ფართო ტერმინი

მეორეს მხრივ, თუ ხევსურების სპეციფიკური კულტურის მიღმა გავიხედავთ და ამ თემას უფრო ფართოდ შევხედავთ, კითხვა შეიძლება საერთოდ არ იყოს სწორედ დასმული. იქნებ არც არასდროს არ გაწყვეტილა ქადაგობის პრაქტიკა? ვორქშოპში “ქადაგი ქალები”, რომელიც ხევსურეთში მოგზაურობის შემდეგ შევთავაზე თბილისში და რომელიც წარმოადგნედა ქადაგის პროექტის მნიშვნელოვან ელემენტს, მონაწილეებს ჰქონდათ ძლიერი შეგრძნება იმისა, რომ ისინი უკვე განასახიერებდნენ ქადაგის ფიგურას თვითონვე. თუნდაც ეს არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც ეს ხევსურული ქადაგობის ფორმისათვის იყო ჩვეული. იქნებ ქადაგობამ უბრალოდ სახე-ცვლილება განიცადა?

თუ ეს მასეა, მაშიმ სხვა მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინებაა საჭირო. თუ ჩვენს საზოგადოებებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ქადაგების მსგავსი ბედი ხვდებათ წილ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათ შევუქმნათ დაცული სივრცეები. მნიშვნელოვანია არსებობდეს განათლება ამ თემატიკის შესახებ, რომ მსგავსი ფენომენები არ იქნეს შერაცხული სიგიჟედ. ყველა ადამიანს სჭირდება, რომ მისი კონკრეტული უნარი და განძეულობა დანახული და დაფასებული იყოს საზოგადოებაში. ქადაგობის უნარების მქონე ადამიანების რთული ხვედრის განსაკუთრებული გათვალისწინებით, მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდედ სივრცეები, ჰყავდეთ სოციალური წრეები და ქსელები, სადაც ისინი სათუთად, უსაფრთხოდ და დაფასებულად იგრძნობენ თავს.

მედიუმის საქმიანობა და ნება-არჩევანის საკითხი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იწევა წინ, როდესაც ვეხებით მედიუმის მსგავს პრაქტიკებს ჩვენს დღევანდელ გლობალიზებულ რეალობებში. აქ ინდივიდის სუვერენულობის საკითხი განსაკუთრებით საყურადღებო ხდება.11 უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოტენციური „ქადაგები“ დღეს, ალბათ, აღარ ცხოვრობენ პატარა კომუნებში, სადაც მათი უნარების არა მხოლოდ ესმით, არამედ მათ აფასებენ კიდევაც. ჩვენ ვერ გავანულებთ იმ რეალობას, თუ რა გარემოშიც და კულტურაშიც დავიბადეთ. თუ ეს არის კულტურა, რომელიც ისტორიულად ეკლექტიკური და კულტურულად ქაოტურია, მაგრამ ასევე აქვს ძლიერი გავლენა „გლობალური ჩრდილოეთის“ ინდივიდუალისტური ღირებულებებისა, მაშინ ჩვენ იმის შესაძლებლობა მაინც გვეხსნება, რომ ჩვენი ინდივიდუალური ნება-სურვილი და თავის-უფლება შევისწავლოთ სპირიტუალურ საქმიანობებთან დამოკიდებულებაშიც. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ჩვენს გლობალიზებულ კულტურებში აღარ გვეძლევა გამოკვეთილი და გარკვეული მონახაზები თუ ნარატივები. ჩვენ ხშირ შემთხვევაში აღარ ვდგევართ უწყვეტ წინაპრულ მემკვიდერობით გადმოცემულ ცოდნასთან ცნობიერ კავშირში. ამის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი სუვერენულობა მოვიძიოთ განსაკუთრებით ისეთ საქმიანობაში, როგორიც ეს ქადაგობაა. ქადაგობა მოიცავს ტრანსულ მდგომარეობებსა და მედიუმისათვის ჩვეულ ელემენტებს. როდესაც მსგავს საქმიანობას ეწევი ისეთ გარემოებაში, სადაც არ გაქვს უწყვეტი ტრადიციის ფუძე, საკუთარი ნება-არჩევანის გააზრების საჭიროება იზრდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყოველთვის გაგვაჩნია არჩევანი და “Agency”. იქნება ეს ადამიანებთან დამოკიდებულებაში თუ ღმერთებთან ურთიერთობაში.


წყაროები და შენიშვნები:

  1. ოჩიაური თინა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი 1954, გვ. 5.
  2. ოჩიაური თინა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი 1954, გვ. 10.
  3. თავდგირიძე ხათუნა, ლექცია ქართული მითოლოგია, Youtube: https://www.youtube.com/watch?v=S3XGeaegwPk
  4. 9-მარცვლიანი ქართულ ფოლკლორში დამახასიათებელი მეტრული სისტემაა „მთიბლური“ ჟანრისათვის. ისეთის, როგორიცაა „გვრინი“. „ხმით ნატირალი“-ც ასევე იზიარებს 9-მარცვლიან მეტრიკას. ხმით ნატირალზე შეგიძლიათ მეტი შეიცნოთ ამ სტატიაში. “გვრინის” შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში.
  5. ოჩიაური თინა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი 1954, გვ. 128-135.
  6. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქადაგები, ღრმა ტრანსული მდგომარეობისდა მიუხედავად ცნობიერები რჩებიან მთელი პროცესის განმავლობაში. ამაზე მიუთითებს ის, რომ თვითონვე თარგმნიდნენ “ჯვართ-ენით” გადმოცემულ სათქმელს ხალხისათვის გასაგებ ენაზე.
  7. კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 170.
  8. კიკნაძე ზურაბ, ანდრეზი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები, თბილისი 2009 წ., გვ. 58-61.
  9. შიბიანთა გვერდს შიბის ინსპირაციით ვუწოდე.
  10. კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 170.
  11. რიტუალისტს მარის ბერგრუნს ბევრი ნამუშევარი გააჩნია ცნობიერი რეზონანსით მედიუმის თემის გარშემო. მის გვერდს და სტატიას მედიუმის ცნობიერი არჩევანის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ აქ .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *