შესავალი ხევსურულ კოსმოგონიაში და მისი ისტორიული კონტექსტი

აბუდელაურის ტბა


ხევსურებს ძვირფასი ცოდნა აქვთ შენახული. ბევრი რამ ქართული მითოლოგიის, წინაქრისტიანული წეს-ჩვეულებებისა და ღვთაებებისა და ადამიანების შორის ურთიერთობების შესახებ, ფშავ-ხევსურეთმა შემოგვინახა. ფშავისა და ხევსურეთის ადგილების ძნელად მისადგომი გეოგრაფიიდან გამომდინარე ისინი, მთის რეგიონებისათვის დამახსაიათებლად, ყველაზე დიდ ხანს გადაურჩნენ იმპერიალისტურ დაპყრობებს. მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიულმა ძალამ ბოლოს მაინც შეძლო მათ შეხებოდა. აქედან იწყება ხანგრძლივი და სისტემატიური მუშაობა ადგილობრივი კულტურის დარღვევაზე. მიუხედავად ამისა, მხოლოდ 60/70-იან წლებში დაიწყო ხალხის მიზანმიმართული გადასახლებებისა და თემების რღვევის საფუძველზე შექმნილი კულტურული ამნეზიის თვალსაჩინოდ გამოაშკარავება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სულ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა მთა. დღეს ბევრი სოფელი სრულიად მიტოვებულია, ზოგიერთში კი მოსახლეობა ძალიან შემცირებულია, სადაც ზოგჯერ 2,3 ან 4 კომლიღა ცხოვრობს.

მოქმედი საზოგადოების ძველი როლები

ხალხის გაფანტვით დაიკარგა მრავალი უძველესი ჩვეულება, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მთაში კიდევ იყო შემონახული. მაშინ ყოველივე თემის წევრს თავისი გარკვეული როლი გააჩნდა. საკრალური და პროფანური ერთად იყო შერწყმული. სულიერთან დაკავშირება და ურთიერთობა პრაქტიკულ ყოველდღიურობაში ედინებოდა, ტრადიციების, რიტუალებისა და ჩვეულებების სახით. ასევე იყო როლები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა წმინდა ძალებს ემსახურებოდა. ასეთ როლებს წარმოადგენდნენ ხუცესი და ქადაგი. ხუცესს მსგავსად მღვდელისათვის დამახასიათებელი მოვალეობები ეკისრა. ის სარიოტუალო და საცერემონიალო ღონისძიებებს ატარებდა დღესასწაულებზე და წმინდა ადგილებში. ქადაგის ფუნქცია უფრო პირდაპირ ღთაებებთან ურთიერთობა იყო და წმინდა სულის მიერ მიღებული ნაკარნახებებეის გადმოცემა და ხალხლისათვის გაზიარება. ქადაგი ღვთაების „მეენე“ იყო. 2 ( გვ. 171.)

ხევსური

ხევსურული რწმენა და იერარქია კოსმოგონიაში

ხევსურებს სწამდათ მორიგე ღმერთის, რომელიც იყო უზენაესი ღმერთი. მორიგე ღმერთს კიდევ უფრო ძველი ღვთაებრივი წინამორბედი ჰყავს, მისი და, რომელსაც ელვისა და ჭექა-ქუხილის ქალღმერთის ნიშნები გააჩნია. მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. მას იშვიათად ასახელებენ ანდრეზებში. ის როგორც ჩანს ამ სოციულაური წყობის ადამიანების საკითხებში არ იყო ჩარეული.1. თვით მორიგე ღმერთიც არ ერეოდა პირდაპირ ადამიანთა საქმეებში. მას ოქროს ბაგეები გააჩნია და თავისი სიტყვებით ქმნის სამყაროს.
მორიგე ღმერთს ჰყავს ვაჟი, კვირია. კვირია ამ „პანთეონის“ იერარქიულ წყობაში ღმერთის ყველაზე უპირატესი ძეა. ის უზენაესი ღმერთისა და დედამიწის ვერტიკალური შემაერთებელია. კვირია ერთადერთია, ვისაც შეუზღუდავად აქვს ნება დართული „მამასთან“ პირდაპირი ურთიერთობისა. მის შემდეგ მოდიან „ღვთისშვილები“/ ხთისშვილნი. ისინი ანგელოზის მსგავსი არსებები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. სოფელი იქმნება მოცემული ღვთისშვილის მფარველობის ქვეშ.

საყმოების ჯვარ-ხატების გარშემო ჩამოყალიბება და პატრიარქალური წყობა

ფშავ-ხევსურეთის მთებში თითოეული თემი იქმნება კონკრეტული ღვთისშვილის ხატის ირგვლივ. სოფლის საზღვარი იქ არის სადამდეც ჯვარ-ხატის ზარის ხმა ისმის. სადამდეც ზარის ხმა წვდება არის საყმოს უხილავი კედელი. (2. „საყმოც“ ადგილობრივი ტერმინია. მასში იგულისხმება განუწყვეტელ ტრადიციაზე დაფუძნებული საზოგადოება რელიგიური შუაგულით, რომელსაც მისი მფარველი ჯვარი ანუ ყმათა (მოყმეთა) საერთო სალოცავი განასახიერებს. საყმოს აქვს საერთო რჯული და საერთო ანდრეზი.”გვ. 12.)
მფარველი ხატი თემისთვის ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ზოგგან დღესაც კი საკუთარ თავს მოცემული ხატის ყმად წარადგენენ. ერთ ადგილობრივს რომ ვკითხე მაღაროსკართან, სადაური ხარ თქო, ასე მიპასუხა: „ მე კოპალას ყმა ვარ“. ეს ძალიან საინტერესო იყო. მან გამანდო, რომ ასე იციან მასთან ახლაც და ძველად ასე წარადგენდნენ თავს – პატრონი ჯვარ-ხატის ანუ ღვთისშვილის ყმად.
ასევე საინტერესოა, რაც შუაფხოელმა, ხევისბერის ასულმა, 95 წლის თეკლე ბადრიაშვილმა გამანდო. თურმე აკრძალული იყო თემში იგივე პატრონ-ხატების ყმებს შორის დაქორწინება.
ეს ნიშნავს, რომ საყმოს გარეთ უნდა დაქორწინებულიყავი ისეთ თემის წევრზე, რომელიც არ იზიარებდა იგივე მფარველ ჯვარ-ხატს. პატრიარქალურ წყობილებაში ქალები იყვნენ ისინი, ვინც მამულის მიღმა ქორწინდებოდნენ. ვაჟები რჩებოდნენ ადგილზე და აგრძელებდნენ გვარს. შვილებს ხშირად ვაჟების რაოდენობით ითვლიდნენ. ასული ადგილს დატოვებდა და თემის გაგრძელებაში არ მიიღებდა მონაწილეობას.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღვთისშვილების უმეტესობა მამრობითი ნიშნით პერსონიფიცირებულნი არიან, გარდა ადგილის დედისა, ღვთისმშობლისა და პირიმზისა. 1

ირემთკალოს ხატი

ხევსურული წარმოშობის ამბები და დევების წინააღმდეგ ბრძოლა

ადგილობრივთა წარმოშობის ისტორია დევების წინააღმდეგ ბრძოლით იწყება. ხთისშვილნი ეხმარებიან ადგილობრივებს, რომ მათ მიწა-წყლები მოიპოვონ. დევებისა და მათთან წარმოებული ურთიერთობები თავისმხრივ საინტერესო ელემენტია ფხოურ მითოლოგიაში და ცალკე სტატიას იმსახურებს. დევ-კერპები კომპლექსურ არსებებს წარმოადგენენ, რომლებსაც, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ძირძველი ადგილობრივი ხალხი სცემდნენ თაყვანს.2 დევების წოდების ქვეშ ბევრი სხავადსხვა ხალხი უნდა ყოფილიყო მოსაზრებული. ზოგი მეგობრობს ფხოველ წინაპრებთან, ზოგიც კი მათ სადილად მიირთმევს. ხთისშვილნი ამარცხებენ დევებს, მათ კლავენ და დევნიან. მათ სახლებს უნგრევენ და ხშირად სწორედ იმ ნასახლარების ადგილას იქმნება წმინდა ადგილები და საყმოები.2 აქ საკმაოდ ძალადობრივ დაარსების ისტორიას ვხვდებით.

ხევსურული კოსმოგონია არ არის პროფანულ-სოციალური ცხოვრებისგან განყენებული. ის სოციოგონიად არის ზურაბ კიკნაძის მიერ მოხსენიებული.2. ( გვ. 17.) კოსმოგონიის ისტორიები ფშავ-ხევსურეთის სოციალურ-ეკონომიკური წყობის დაარსების ნიშნად იგება. მითოლოგიის შესახებ ანდრეზული ტექსტები3 გვაცნობენ. ანდრეზები მე-20 საუკუნეში ეთნოლოგების მიერ შეგროვებული ზეპირსიტყვიერი გადმოცემების ჩანაწერების სახით გვეგულება. ამ ტექსტებს ახასიათებთ მითოსისა და ნაამბობებისათვის გეოგრაფიული სიზუსტით ადგილების მიბმა. წარმოშობის ისტორიები, დევების წინააღმდეგ ომები და ჯვარჩენები კონკრეტული ადგილებით არის დასახელებული. ეს ადგილები დღესაც იგივე სახელებითაა ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფშავ-ხევსურეთის მითოლოგიას შეგვიძლია ავედევნოთ გეოგრაფიული სიზუსტით და მას კვალ და კვალ გავყვეთ. ამას კი ის უპირატესობა მოაქვს, რომ ადგილზე ყური დავუგდოთ ბუნებას და მას პირდაპირ მოვუსმინოთ თუ რა აქვს სათქმელი გადმოცემული მითოსის შესახებ.


წყაროები:

  1. თავდგირიძე ხათუნა, ქართული მითოლოგია, Youtube ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=dzcy3URkRlw&t=4598s
  2. კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ.გვ.
  3. კიკნაძე ზურაბ, ანდრეზი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები, თბილისი 2009 წ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *