წინაქრისტიანული ჯვარ-ხატები, მფრინავი ჯვრები და მკადრეები

ცაბაურთა, ფშავი

ძველ ქართულ კულტურაში ჯვარ-ხატებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ხევსურეთში წინაქრისტიანული ჯვარ-ხატები არა მხოლოდ ღვთისშვილების სამყოფლოებად ითვლება, არამედ ჯვრები თვით ღვთისშვილებს წარმოადგენენ. ამასთანავე ჯვრებს ძალუძთ ფორმის შეცვლა და ფრენით გადაადგილება.1

მფრინავი ჯვრები

ანდრეზებში ჩვენ ვკითხულობთ მფრინავი ჯვრების შესახებ. ჯვრები ხანდახან ისურვებენ გადაადგილებას ბარიდან მთის მაღლობზე და ისევ უკან ბარში. სხვა შემთხვევებში ისინი სრულიად ახალ ადგილ-სამყოფელს მოიძიებენ. თუ იქ უკვე არის მოსახლეობა ჯვარი ხდება ახალი პატრონი და მფარველი საყმოში. ჯვრებს ასევე ძალუძთ მრავალ ადგილას ერთდროულად არსებობა. მაგ შემთხვევაში ისინი მათ საწყის სამყოფელშიც რჩებიან და ასევე სხვა ახალ ადგილებში არსდებიან.2 გადაადგილებისას ჯვრები იცვლიან სახეს და ადამიანის თვალისათვის ხილვადები არიან, როგორც ცეცხლის ბურთები, მტრედები ან ჯვრისფორმის არსებები. მათი შემჩნევა ოღონდაც ყველას არ შეუძლია.

მკადრეები – მფრინავი ჯვრების დამხმარეები

მკადრეები ეწოდებათ იმ ადამიანებს, ვინც ჯვრების მიერ იყვნენ არჩეულნი მათ დაფუძნებასა თუ გადაადგილებაში დასახმარებლად.3 მსგავსად ქადაგებისა მკადრეები არჩეულნი იყვნენ თვით ღვთისშვილების მიერ. ისინი ხშირად უბრალო ხალხს წარმოადგენდნენ და თუ რაიმეთი შეგვიძლია ისინი გამოვარჩიოთ, ეს იქნება მათი უმცირესობის წარმომადგენლობა სოციუმში. ესენი იყვნენ კოჭლები, უბედური წარსულის მქონე ადამიანები, უცხოები და ასე შემდეგ.

ღვთისშვილები მტრედის სახით მკადრეების ნაჭერგადახვეულ მკლავზე დაბრძანდებოდნენ ხოლმე. ამ სპეციალურ გადასახვევ ნაჭერს სამკადრეოს უწოდებდნენ. 4 ქადაგებისაგან განსხვავებით მკადრეები მუდმივ კავშირში იყვნენ ჯვართან. ისინი ჯვრებს ყოველდღიურობაში ეურთიერთებოდნენ და თანა-მეგზურობას უწევდნენ მანამ, სანამ არ შეასრულებდნენ მათ მისიას. ღვთისშვილი მკადრეს წინ უძღვება და მკადრე მას ახალი სამყოფელოსაკენ მიყვება. როგორც კი ჯვარი ადგილზე ფუძნდება, მკადრე თავის ფუნქციასა და როლს კარგავს.

მფრინავი ჯვრისა და მკადრეს ურთიერთობის ხასიათს კარგად აღწერს არდოტის სომხოს ჯვრის დაარსების ანდრეზი.5

არდოტი

სომხოს გიორგის დაარსება არდოტში

ჯვარი გამოფრენილა სომხეთიდან და წამოსულა აქეთ, მიღმახევისკენ, თან კოჭლი მკადრე გამოჰყოლია. მოფრინავს გზაზე ჯვარი მტრედის სახით და მოჰყვება ეს კოჭლი მკადრეც. როცა დაიღლება, ან დაეძინება, მტრედიც უცდის: როცა ადგება მკადრე, გამოუძღვება მტრედი და მოსდევს კაცი უკან. ბოლოს მოვიდნენ არდოტში და კოჭლ მკადრეს ჯვარი თვალიდან გაუქრა.

მიღმახევი, ანატორი

დაინახეს ეს კაცი არდოტელებმა და ჰკითხეს ვინაობა და სადაურობა, მაგრამ მან ქართული არ იცოდა და ხმა ვერ გასცა. მხოლოდ ხელით ანიშნა იმ ადგილისკენ, სადაც მტრედი დაეკარგა და ტირილი დაიწყო. საჭმელი მიუტანეს და არაფერს ხელი არ ახლო, ბოლოს მოვიდა და იმ გორზე, სომხოს გორზე, დაჯდა, სადაც მტრედი გაუჩინარდა, და იყო იქ სამი დღე და სამი ღამე. არდოტელები მიხვდნენ, რომ აქ რაღაც ამბავი იყო და მეოთხე დღეს საკლავი მიიყვანეს იმ ადგილას, და ვინც საკლავი დაკლა, ის არდოტელი კაცი გაქადაგებულა. ჯვარი მისი პირით ალაპარაკებულა, ბოლოს, ის მკადრეც ამეტყველებულა ქართულად და ყველაფერი უთქვამს: ამ ჯვარს გიორგი ჰქვია. მთელი სომხეთი ემორჩილებოდა და ბევრ დახმარებასაც უწევდა ხალხსო. ერთ დღეობაში განარისხეს. წესი დროზე ვერ შეუსრულეს და გამწყრალი გამოფრინდა და მეც თან გამოვყევიო. ბოლოს, აქ ისურვა დაარსება და უკან დაბრუნებას არ აპირებს, სამუდამოდ აქ რჩებაო, მე კი გულნაკლული ვბრუნდებიო. თქვა თურმე და დაიწყო ტირილი. არდოტელებმა ანუგეშეს: რას იზამ, ღვთიშვილთა ნება ყოფილაო. თუ ჩვენც ვერ შევუფერებთ, აქედანაც წავაო. ამის შემდეგ წავიდა კოჭლი მკადრე. ჯვარი – წმ. გიორგი კი – არდოტში დარჩა. ერთი კაცი მაშინვე აუყვანია მეენედ და, რაც საჭირო ყოფილა ახალდაარსებული ჯვრისთვის, ყველაფერი ულაპარაკნია მეენეს. წმ. გიორგი ჯვარის ხელკაცებს ქისტურ თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ეჩვენებოდა. ხშირად იტყოდნენ: წუხელ გიორგი ვნახე. ქისტურად ჩაცმული, და ესა და ეს დარიგება მომცაო. წუხელი გიორგი ვნახე, გამწყრალი იყო და მიჯავრდებოდაო. [კიკნაძე, ანდრეზები, გვ. 128.]


წყაროები:

  1. კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 47.
  2. ibid.
  3. ibid., გვ. 54.
  4. ოჩიაური თინა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი 1954, გვ. 98.
  5. კიკნაძე ზურაბ, ანდრეზი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები, თბილისი 2009 წ., გვ. 128.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *