ხევსურთა კოსმოგონია1 იწყება ღვთისშვილთა ბრძოლით დევების წინააღმდეგ. მორიგე ღმერთი2 ფხოველებს მიწა-წყლის მოსაპოვებლად ღვთისშვილებს უგზავნის. რამეთუ კავკასიის მთებში უკვე არსებობენ მკვიდრი ბინადრები. ესენი არიან დევები. თუ დავუშვებთ, რომ დევები არა მხოლოდ მითიურ არსებებს, არამედ ერთ დროს ნამდვილად არსებულ მოსახლეებს წარმოადგენდნენ, მაშინ დევის წოდების ქვეშ ბევრი სხავადსხვა ხალხი უნდა ყოფილიყო მოსაზრებული. ანუ იმ ხალხის კრებული, ვინც დღევანდელი ფშავ-ხევსურეთის უფრო ძველ მკვიდრს წარმოადგენდა. მათი ურთიერთობა ხევსურებთან კომპლექსური ხასიათის იყო. ზოგი მათთან მეგობრობდა, ზოგიც კი მათ სადილად მიირთმევდა. დევები წყაროებში აღწერილნი არიან დიდი ზომის, ჭარბი ძალ-ღონის მქონდე, ველურ არსებებად. ღვთისშვილები კი ანგელოზისებრ ბუნებას ითვისებენ. ისინი მორიგე ღმერთის მეომრებს წარმოადგენენ, რომლებიც ციურად ამაღლებული, ახალი ღმერთისათვის იბრძვიან.
ხევსურები ეგრეთწოდებულ წარმართულ რწმენას მისდევენ. ისინი ადგილობრივ პრე-ქრისტიანულ ღმერთებს სცემენ თაყვანს. საინტერესოა, თუმცა, რომ იქვე ვხვდებით მონოთეისტური რწმენათათვის დამახასიათებელ თვისებებს. ისეთებს, როგორებიცაა ძლიერი იერარქიული სისტემა და კარგი/ცუდი-ის დუალისტური ცნება. დევთა განდევნა და კვლა გამართლებულია დევთა ველური და ავი ბუნებით.3 იმისდა მიუხედავად, რომ დევები მრავალგზის ნახსენები არიან ხევსურთა კოსმოგონიაში და ზოგადად ქართულ ფოლკლორში, სიღრმისეულ დონეზე მათზე მხოლოდ მწირე ინფორმაციას ვფლობთ, რომელიც ასევე ცალმხრივი და ნეგატიური ხასიათითაა დატვირთული. ამიტომ საინტერესოა ამ თემის უფრო ვრცლად მიმოხილვა. ეტიმოლოგიურად სიტყვა “დევი” მოდის ზოროასტრიული “დაევა”-დან. “დაევა” ზოროასტრიულ საღვთო ტექსტების კრებულში – ავესტაში– ნახსენები არიან ბოროტ ძალებად. თუმცა სიტყვის წარმოშობას ისტორიულად კიდევ უფრო უკან თუ გავყვებით აღმოვაჩენთ, რომ ზოროასტრიული დაევები – ანუ დემონები – ინდური “დევი/დევა”-სთან – ანუ ვედურ ღმერთებთან – იზიარებენ ფესვებს. ჩნდება კითხვა – რატომ განიცადა სიტყვა “დევი”-მ ტრანსფორმაცია? როგორ გარდაიქმნენ ღმერთები დემონებად?
ბრძოლა დევების წინააღმდეგ და მათგან მიწა-წყლის გამოძალვა
დავუბრუნდეთ ხევსურთა კოსმოგონიას. ღვთისშვილები ხევსურებს ეხმარებიან მიწა-წყლის მოპოვებაში.4 ისინი დევებს უპირისპირდებიან, სახლებს უნგრევენ და დევნიან. დევთა ნასახლარებთან ხევსურთა სოფლები იგება. ბრძოლის ველები ახალი ღმერთების სახსენებელ წმინდა ადგილებად ირაცხება. ზ. კიკნაძის სიტყვებით ღვთისშვილებმა “თავიანთი სისხლით გამოისყიდეს მათთვის [ხევსურთათვის] მიწა-წყალი.”5 ბრძოლის ადგილები არა მხოლოდ მითოსური, არამედ ასევე საკრალური მნიშვნელობით არის დატვირთული. ანდრეზულ ტექსტებში6 ეს ადგილები ისეთი გეოგრაფიული სიზუსტით არის ნახსენები, რომ დღესაც რუქად შეგვიძლია გამოვიყენოთ და ბრძოლის ადგილებისა თუ სხვა მისტერიების კვალს დავადგეთ.7
ვინ არიან დევები?
დევები ნაწილობრივ ჰუმანოიდურ და ნაწილობრივ ზოომორფიულ არსებებად არიან აღწერილნი. ისინი ორ ფეხზე მოსიარულე, ადამიანის მსგავსი ნაქვთების მქონე არსებები არიან, რომლებიც სოციალურ ჯგუფებად ცხოვრობენ, დღესასწაულებს აღნიშნავენ, ქორწილებს მართავენ და თავიანთ გვარს იცავენ. განსხვავებით ადამიანებისგან დევები ზომით უფრო მოზრდილნი არიან და რქები და ძლიერი ბალანი გააჩნიათ. უფრო ზღაპრულ გადმოცემებში ისინი მრავალი თავით და უკუღმა ფეხებით არიან აღწერილნი.8
ანდრეზების მიხედვით და “დევთა ნასახლარების” გათვალისწინებით ძველი ფხოველები დევებს ერთ დროს ნამდვილ მკვიდრ არსებებად მიიჩნევენ. ეთნოლოგი თ. ოჩიაური დევების სამყოფელ მიდამოებად განსაკუთრებით აღნშნავს როშკის ხეობას, ფშავ-გუდამაყარის საზღვარ ტერიტორიებს, შუაფხო-მაღაროსკარს და სხვა.9 ამ მიდამოებში ვებერთელა ზომის ნასახლარები მე-20 საუკუნის ეთნოლოგიურ ექსპედიციების წერილობით დოკუმენტაციებში არის აღწერილი.10
კომპლექსური ურთიერთობები დევთა და ფხოველთა შორის
დევებს ძლიერი კომუნალური შეგრძნება გააჩნდათ. ისინი ცხოვრობდნენ ოჯახებად, მათ ჰყავდათ მშობლები, მეუღლეები და შვილები.11 ისინი აღნიშნავდნენ ქორწილებსა და სხვა ზეიმებს, ისევე როგორც ადამიანები. ისინი მიწათმოქმედნი იყვნენ. მათ მოყავდათ მოსავალი და ჰყავდათ პირ-უტყვი.12 თუმცა ისინი მათი განსაკუთრებული სამჭედლო საქმით იყვნენ ცნობილნი. მათი მჭედლობითი საქმე ფხოველთათვის სასურველ ნივთებს წარმოადგენდა. ანდრეზები გვითხრობენ ფხოველების დილემის შესახებ. ერთის მხრივ მათ სჭირდებოდათ დევთა შექმნილი მჭედლობითი ნივთები, მეორეს მხრივ კი ამ დამოკიდებულებისდა გამო ისინი ღირსებაშელახულად გრძნობდნენ თავს. დევები მათ არ უზიარებენ სამჭედლო საიდუმლოებას. ეს ქმნის ურთიერთობათა შორის ძალაუფლების უწონოსწორბას. ამას კი აღიქვავენ, როგორც დევთა მცდელობას, რომ დაიმონონ და გახადონ მათზე მუდამ დამოკიდებულნი.13 საკითხი კიდევ უფრო მწვავდება იმითი, რომ დევები მხოლოდ ქალებს უშვებენ თავიანთ საბინადროებში. მათი ნაკეთობების შესასყიდველად მხოლოდ ქალები იშვებიან.14 კაცები არ არიან მათთვის სასურველი სტუმრები.
ადამიანთა ჯავრი დევების მიმართ იზრდება. ანდრეზების მიხედვით, დევები ქალებს იტაცებენ. თუმცა საინტერესოა ტექსტების ყურადღებით წაკითხვა. იმისდა მიუხედავად, რომ ისტორიები ძალ-დატანების აღმნიშვნელი სიტყვებით არის აღწერილი, ტექსტი გვაუწყებს იმის შესახებ, რომ ქალები თავისი ნებით მიდიან დევებთან. ერთ ანდრეზში ჩვენ ვკითხულობთ: “ქალებს დაუწყეს წამებაი. ისე მახიბლეს, რო ქალებ თაო მირბოდეს იქისკე.”15 ეს ანდრეზული ფრაგმენტი ქალების ნებით დევებთან სვლას იმითი ხსნის, რომ დევები მათ თავიანთი უნიკალური სამჭედლოებით აჯადოვებდნენ. თუმცა დაკვირვებულ მკითხველს სურვილი გაუჩნდება მთხრობელის მიკერძოებულება გაითვალისწინოს და ტექსტის ობიექტურობა ეჭვ ქვეშ დააყენოს. ისტორია არც დევების და არც მათთან მავალი ქალების მხრიდან არის მოყოლილი.
მრავალ ისტორიას ვხდებით, სადაც დევთა და ადამიანთა შორის მტრული ურთიერთობაა წინ წამოწეული. ერთ ანდრეზში ვკითხულობთ, რომ დევი ფხოველთა ქალს მოიყვანს ცოლად. მათ მრავალი შვილი ეყოლებათ. სისხლის არევისგან ზიზღით მოცვილი ხევსურები შვილებს მოუკლავენ. დევი გაცოფდება და მკვლელს შვიდი თაობის შთამომავლობის ამოხოცვით ემუქრება.16 ეს და სხვა ამბები გვიმოწმებენ ადამიანთა და დევთა შორის გაუცხოებული და სასტიკი ურთიერთობების შესახებ.
დევები როგორც მიწა-წყლის უფრო ძველი მკვიდრნი?
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დევები მართლა არსებოდნენ. თუ ეს ასე იყო, მაშინ ისინი უბრალოდ სხვა გვარის ხალხი უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც კავკასიური მთების უფრო ძველ მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენდა. რატომ? მოდით ერთად მიმოვიხილოთ საკითხი.
1. ანდრეზების მიხედვით ხევსურები უხმობენ ახალ ღმერთებს დევების წინააღმდეგ დასახმარებლად. მორიგე ღმერთი შეისმენს მათ ვედრებას და გამოუგზავნის ღვთისშვილებს.17 დევები “დევ-კერპებად” არიან ნახსენები და ამითი გამიჯნულნი არიან ხევსურების ახალ ღმერთებთან, რომლებსაც ჯვარ-ხატებად ვიცნობთ. ზ. კიკნაძე წერს: “ჯვარი – ახალი რელიგიის ნიშანი, ანგრევს საკერპოებს და აღიმართება მათ ადგილას”18 ეს გულისხმობს იმას, რომ დევები უფრო ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, რომლებიც ახალმა ღმერთებმა, ანუ მორიგე ღმერთმა და ღვთისშვილებმა, ჩაანაცვლეს. დევების მიერ (უფრო) ძველი ღმერთების თაყვანისცემა გვაძლევს საფუძველს დავუშვათ, რომ ისინი მიწის უფრო ძველ მკვიდრნს წარმოადგენდნენ.
2. დევები მიწათმოქმედები და აღიარებული მჭედლები იყვნენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ ძლიერი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ კავკასიური მთების მიწასთან. ღირსშესანიშნავი მჭედლობა არის ოსტატობის ისეთი ფორმა, რომელიც საჭიროებს ხელობის გრძელ ტრადიციასა და ცოდნის თაობიდან თაიობაზე გადაცემას. ამასთანავე ის ძლიერ და ახლო ურთიერთობას მოითხოვს ადგილობრივ მიწასთან. ძველ დროში წარმატებული სამჭედლო საქმე დამოკიდებული იყო საბადოებისა და ადგილების ზედმიწევნით ცოდნაზე. ისევე, როგორც მოპოვებული მატერიის დამუშავების განსაკუთრებულ ტექნოლოგიაზე. ეს კი თავისთავად დევებისა და კავკასიური მიწის მჭიდრო ურთიერთიობას უსვამს ხაზს.
3. დევები და ფხოველები არ არიან ურთიერთ-ინტეგრირებული ჯგუფები. ეს გულისხმობს იმას, რომ ერთ ერთი მათგან ახლად უნდა დასახლებულიყო ფშავ-ხევსურეთის მთებში. დევების ძველი ღმერთებს – ანუ დევ-კერპებს – ფხოველების ახალი ღმერთები – ანუ ჯვარ-ხატები – ენაცვლება. ეს ფაქტი ფხოველებს უფრო ახალ მკვიდრებად წარადგენს.
არსებული ინფორმაცია დევების შესახებ იმ ჯგუფების მიერ არის წარმოდგენილი, ვისაც მათ განადგურებაში ხვდება წილი. ამრიგად ინფორმაცია მიკერძოებულია. მსგავს ისტორიულ ფენომენებს ახასიათებთ ინფორმაციის ცალსახად გადმოცემა და მოპირისპირე ჯგუფების ნეგატიური სურათით დახატვა. მაშასადამე, როგორ შეგვიძლია დევებზე უფრო ვრცელი ინფორმაცია მოვიპოვოთ? ამაში დაგვეხმარება სიტყვა “დევის” წარმოშობას გამოძიება. სავარაუდოა, რომ სახელი “დევი” მათთვის ფხოველებსა და სხვა კავკასიური ხალხს უნდა მიეცათ. სიტყვის ისტორიული გამოძიებით ჩვენ არამხოლოდ სახელი “დევის” წარმოშობას შევიტყობთ, არამედ ასევე ჩავწვდებით თუ რა მნიშვნელობით იყო ეს სახელი დატვირთული და რატომ დაერქვათ დევებს “დევი”.
სიტყვა “დევის” წარმოშობა
სიტყვა “დევი” მოდის სპარსული “დაევა”-დან და აღნიშნავს ზოროასტრიული ღმერთის აჰურა მაზდას მეტოქე ძალებს.19 ქრის გჰანი წერს: “დაევები წარმოადგენენ არსებების კატეგორიას, რომლებიც ხშირად არიან ნახსენები ავესტებში და ძველ ზოროასტრიულ ტექტსტებში. სიტყვა დაევა და მისი ძველ სპარსული მონათესავე დაივა, ფაჰლავი დევ და გვიან პერიოდის სპარსული დივ-ი – ყოველთვის ნეგატიურ მნიშვნელობას ატარებს. ის აღნიშნავს არაჭეშმარიტ ღმერთს, გვიანდელი ტექსტებში კი ასევე დემონს. […] აღსანიშნავია თუმცა, რომ სიტყვა დაევა ლინგვისტურ ურთიერთობაშია სანსკრიტულ სიტყვა დევა-სთან, რომელიც გულისხმობს ღმერთებს.”20.
ქსერქსეს დაივას წარწერაზე, რომელიც ძვ. წ. მე-5 ს.-ით თარიღდება, სიტყვა “დაივა” რამოდენიმეჯერ არის ნახსენები. ქსერქსე იყო სპარსელი მმართველი და ზოროასტრიული ღმერთის აჰურა მაზდას მიმდევარი. ენციკლოპედია ირანიკა-ში ს. ჰერენშმიდტი და ჯ. კელენსი იძიებენ წარწერაზე ნახსენები “დაივას” მნიშვნელობას. წარწერაზე ქსერქსე თავის “საგმირო” საქმეებს აღნიშნავს და გვიამბობს თუ როგორ დაანგრია ძველი ღმერთების სათაყვანისმცემლო ადგილები აჰურა მაზდას სახელით. “მან [ქსერქსემ] დაამარცხა მეამბოხეები და აღადგინა ქვეყნის მდგომარეობა. თუ ‘მეამბოხე ქვეყანა’ გულისხმობს ადგილს, სადაც მცდარი ღმერთები ანუ დაივები იყვნენ თაყვანისცემულნი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ქსერქსეს სიტყვა დაივა ესმის ახალი ავესტური ტექსტების გაგებით და გულისხმობს “სხვა რელიგიის ღმერთებს””.21
მაშ, ვინ არიან ეს “სხვა ღმერთები”, რომლებიც განდევნილ იქნენ ზოროატრიული სარწმუნოების მიმდევრების მიერ?
ვინ არიან “სხვა ღმერთები”?
ზოროასტრიანიზმი წარმოადგენს პირველ მონოთეისტურ სარწმუნოებას. ის ამით აბრაამისეულ რელიგიების წინამორბედია. ზოროასტრიანიზმს ახასიათებს ძლიერად დუალისტური დოქტრინა “კეთილი ბოროტის წინააღმდეგ”. ვენდიდადი კი წარმოადგენს გვიანდელი ავესტური ტექსტების კრებულს, რომელიც მოიცავს ცნობებს დაევების მრავალი განსახიერებების შესახებ. ვენდიდად 10-ში22 და ვენდიდად 19-ში23 ვედური პანთეონის სამი ღვთაება მიზდევს აჰურა მაზდას დიდ მტერს ანგრა მანიუს. ეს ღმერთები არიან ინდრა, რუდრა (ნახსენები როგორც სარვა) და ნასატია (ნახსენები როგორც ნანგჰატია). მორიგ სამ დაევასთან ერთად, ექვსნი უპირისპირდებიან აჰურა მაზდას ასევე ექვს სახეს – მის ამეშა სპენტას.
მოდით განსაკუთრებითი ყურადღება მივიტანოთ ღვთაება რუდრასთან. რუდრა წარმოადგენს რიგვედურ ღვთაებას, რომელიც დაკავშირებულია ღმერთ შივასთან. სტელა კრამიში გვთავაზობს ეტიმოლოგიურ კავშირს “რაუდრას” ფორმის სედსართავის სახელთან, რომელიც აღნიშნავს ველურს, (დაუოკებელ) ბუნებას. ღმერთი რუდრას ქვეშ შესაბამისად უნდა აღნიშნულიყო “ველური”, “მძვინვარე ღმერთი” 24 “რუდრას უწოდებენ ‘მშვილდოსანს’ (სანსკრიტში: შარვა) ისარი არის რუდრას მნიშვნელოვანი ატრიბუტი. ეს სახელი გვხდება შივა საჰარასრანამა-ში და რ.კ. შარმა აღნიშნავს, რომ გვიანდელ ენებში ეს არის შივას აღმნიშვნელი სახელი .”25
დასკვნა
ვხდევათ, რომ ქართულში სიტყვა დევი მომდინარეობს სპარსული დაევადან – დემონი – რომელიც თავის მხრივ მომდინარეობს ვედურ დევი/ დევადან – ღმერთი. ირონიულია, რომ დაუმორჩილებელი რუდრა, შივას ერთ-ერთი ფორმა, არის დემონიზირებული ზოროასტრიულ რელიგიაში. ზოროასტრიული გავლენა კავკასიურ ჯგუფებზე, მათ შორის ხევსურებზე, ვლინდება ხევსურების დამოკიდებულებაში დევების მიმართ. ისინი დევებს არქმევენ იმ ხალხს, ვინც თაყვანს სცემდნენ ძველ ღმერთებს, მათ დემონურ ხასიათს უთვისებენ და დევნიან მთიანი მიწა-წყლიდან. თუ დავუშვებთ, რომ დევები ძველი ჯგუფის წარმომადგენელი ხალხი იყო, რომლებიც ძველ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, მაშინ კითხვა ჩნდება თუ ვინ იყვნენ ეს ძველი ღმერთები. მართალია სიტყვა დევ-მა ვედურ ღვთაებებთან მიგვიყვანა. მაგრამ ეს არ საჭიროებს იმის დასკვნას, რომ “დევები” ინდურ ღმერთებს აღიარებდნენ. რადგანაც ქართულში სიტყვა “დევი” სპარსულიდან შემოვიდა, ის ზოროასტრიულ კონტექსტში უნდა ყოფილიყო ნახმარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დევი უბრალოდ აღნიშნავდა “ძველი/ სხვა ღმერთების თაყვანისმცემლებს”. ნამდვილად ღირს კვლევა იმისა, თუ ვინ იყვნენ ეს “სხვა ღმერთები”. ამის გამოძიება კი სხვა დროისთვის მოვიტოვოთ.
წყაროები & შენიშვნები:
- კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 17. ↩︎
- ხევსურთა “პანთეონს” ახასიათებს იერარქიული სტრუქტურა, სადაც უზენაეს როლს მორიგე ღმერთი იკავებს. მორიგე ღმერთს ჰყავს ვაჟი, კვირია. კვირია ამ „პანთეონის“ იერარქიულ წყობაში ღმერთის ყველაზე უპირატესი ძეა. ის უზენაესი ღმერთისა და დედამიწის ვერტიკალური შემაერთებელია. კვირია ერთადერთია, ვისაც შეუზღუდავად აქვს ნება დართული „მამასთან“ პირდაპირი ურთიერთობისა. მის შემდეგ მოდიან „ღვთისშვილები“/ ხთისშვილნი. ისინი ანგელოზის მსგავსი არსებები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის. სოფელი იქმნება მოცემული ღვთისშვილის მფარველობის ქვეშ. მეტი ინფორმაციისათვის ხევსურთა კოსმოგონიის შესახებ ეწვიეთ ბლოგს: შესავალი ხევსურულ კოსმოგონიაში. ↩︎
- კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 18. ↩︎
- Ibid, pg. 18, 19. ↩︎
- Ibid, pg. 18. ↩︎
- კიკნაძე ზურაბ, ანდრეზი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ-მითოლოგიური გადმოცემები, თბილისი 2009 წ. ↩︎
- რაც, სხვათა შორის, მოვიმოქმედე და ანდრეზები სამოგზაურო-საექსპედიციო რუქად გამოვიყენე. ამ პროექტის გასაცნობათ ეწვიეთ ბლოგს: ქადაგები, ღმერთების მეენეები. ↩︎
- ოჩიაური თინა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი 1954, გვ. 166. ↩︎
- Ibid, pg. 23. ↩︎
- Ibid, pg. 24. ↩︎
- Ibid, pg. 32. ↩︎
- Ibid, pg. 25. ↩︎
- კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 22. ↩︎
- ოჩიაური თინა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან, თბილისი 1954, გვ. 28. ↩︎
- Ibid, pg. 39. ↩︎
- Ibid, pg. 34. ↩︎
- Ibid, pg. 39. ↩︎
- კიკნაძე ზურაბ, ქართული მითოლოგია 1, ჯვარი და საყმო, თბილისი 2016 წ., გვ. 20. ↩︎
- Ibid, pg. 19. ↩︎
- Ghan Chris, The Davis in Zoroastrian Scripture, University of Missouri-Columbia 2014, pg. 5. ↩︎
- Herrenschmidt Clarisse and Kellens Jean, Encyclopaedia Iranica: https://www.iranicaonline.org/articles/daiva-old-iranian-noun ↩︎
- Vendidad 10: http://www.avesta.org/vendidad/vd10sbe.htm ↩︎
- Vendidad 19: http://www.avesta.org/vendidad/vd19sbe.htm ↩︎
- Kramisch Stella, The Presence of Siva: https://books.google.co.in/books?id=O5BanndcIgUC&redir_esc=y ↩︎
- https://ru.wikipedia.org/wiki/Рудра ↩︎